დღის ახალი ამბები

„საქართველოში რომ ჩამოვედით, ჩემი მეუღლე მეორე დღესვე მოინათლა, გაქრისტიანდა“ - ქართველი გოგონას და ჩინელი ბიჭის სიყვარულის ისტორია

„საქართველოში რომ ჩამოვედით, ჩემი მეუღლე მეორე დღესვე მოინათლა, გაქრისტიანდა“ - ქართველი გოგონას და ჩინელი ბიჭის სიყვარულის ისტორია
18-04-2020, 09:15
---

გვანცა გეგუჩაძე 22 წლის ქართველი გოგონაა. გვანცა ჩინელ ახალგაზრდაზე, ჩონიან ჯოუზეა დაქორწინებული. ის პროფესიით ფინანსისტია და მეუღლესთან ერთად ჩინეთში ქართული ღვინის ბიზნესითაა დაკავებული. ასევე ტანისამოსი შემოაქვს ჩინეთიდან საქართველოში. გოგონა სხვადასხვა შოუებშიც მონაწილეობს. „ცეკვა ჩემი ჰობია და კარგადაც გამომდის,“ - ამბობს გვანცა. „პრესა.ჯი“ ორი განსხვავებული კულტურის ახალგაზრდის სიყვარულის ისტორიით დაინტერესდა.

-       - როგორ გაიცანით თქვენი მომავალი მეუღლე, როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა?

-        - ჩემი მეუღლე რესტორანში გავიცანი. მეგობრებთან ერთად სავახშმოდ ვიყავი და გვერდით მაგიდასთან ის იყო თავის მეგობრებთან ერთად. ჩინეთში როდესაც უცხოელს ხედავენ ქუჩაში, ეს დიდ ემოციებს იწვევს, ამიტომ ჯოიმაც არ დააყოვნა და გასაცნობად მოვიდა. მთხოვა ნომრების გაცვლა, რაზეც თავიდან ვყოყმანობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავცვალეთ. როცა დავახლოვდით, ჩვენი აზრები ხშირად ემთხვეოდა ერთმანეთს, საერთო ინტერესები გვქონდა და დღემდე გვაქვს. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. ერთ დღეს სხვა ქალაქში ვიყავი წასული, გასტროლი გვქონდა ჯგუფს და რომ დავბრუნდი მის ქალაქში, აეროპორტში მთხოვა ხელი... ისეთი ემოციური იყო ეს ყველაფერი და ისე მოაწყო, უარი ვერ ვუთხარი. მოკლედ, გაცნობიდან 2 თვეში გადავწყვიტეთ დაოჯახება. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ჩინეთში ვცხოვრობთ, ქალაქ გვანჯოუში, თუმცა სამომავლოდ საქართველოში ვაპირებთ ცხოვრებას.

- როგორი იყო თქვენი ოჯახის და ახლობლების პირველი რეაქცია და რა დამოკიდებულება აქვთ ახლა?

- ოჯახის წევრებმა ძალიან კარგად მიიღეს, რადგან პატარაობიდანვე ვიძახდი რომ უცხოელი მეუღლე მეყოლებოდა, ოღონდ არ ვიცოდი რომელი ქვეყნიდან. როდესაც მოგზაურობა დავიწყე, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი რომ ქართველი ქმარი არ მეყოლებოდა. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ. უბრალოდ, პირადი აზრია. ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ ჯოი, დიდ პატივს სცემენ და ჩემი მეუღლისგანაც ასევე არ აკლიათ ყურადღება და სითბო. დედაჩემი იტყვის-ხოლმე - შვილივით მიყვარსო.

- ქართულ საზოგადოებას მსგავსი ქორწინებების მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს...

- დიახ... თბილისში რომ ჩამოვედით, ხალხი ქუჩაში ცუდი ფორმით მოგვმართავდა.. უფრო მე... „ჩინელს როგორ გაჰყვა“, „რა კარგი გოგოა, ჩინელთან როგორ აქვს ურთიერთობა, ალბათ ფულის გამო გაჰყვა“ და ა.შ. თავიდან გულს მტკენდა ეს ყველაფერი, მაგრამ  ახლა ვხვდები რომ ამას არშემდგარი ადამიანები ამბობენ , რადგან თითონ ვერაფერი შეძლეს და ჰგონიათ ამით სხვას გაამწარებენ. ჩემი მეუღლე,  საქართველოში რომ ჩამოვედით, მეორე დღესვე მოინათლა, გაქრისტიანდა, ატარებს ჯვარს და მოძღვრისგან მიიღო ქართული სახელი - გიორგი ჰქვია. მისი სურვილი იყო გაქრისტიანება და, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაღრმავდა გრძნობები მის მიმართ. ჩინეთში, როგორც აღვნიშნე, უცხოელის დანახვა ძალიან უხარიათ და კარგად მიმიღეს. ქუჩაში გვაჩერებენ და ეკითხებიან-ხოლმე, ვინ ვარ მისი და როცა იგებენ, რომ მეუღლე ვარ, ყველა გვეუბნება რომ ლამაზი შვილები გვეყოლება და დალოცვილები ვიყოთ. აქ ყველა დადებითად გვხვდება ქუჩაში. რას ვიზამთ, საქართველოში განათლების დონე დაბალია, სამაგიეროდ რასიზმია მაღალ საფეხურზე. თუ ვინმეს გაღიზიანებთ მიქს ოჯახები, უბრალოდ თავი აარიდეთ და თქვენი ცხოვრებისკენ მიბრუნდით.

- ქორწილის ფოტოში მეუღლეს ქართული ეროვნული სამოსი აცვია. რა დამოკიდებულება აქვს მას საქართველოს და ქართველების მიმართ. ყველაზე მეტად რა მოსწონს საქართველოში?

- ქართული ტრადიციული ქორწილი ჩემი მეუღლის სურვილი იყო. ძალიან უყვარს საქართველო, გიჟდება შაურმაზე და ქართულ ღვინოზე. საჭმელი ცოტა განსხვავებული გვაქვს აზიური სამზარეულოსგან და ამიტომ ზუსტად ახლა არ მახსენდება რამე თუ უყვარს გამორჩეულად. ისე ყველაფერს ჭამს, არ არის წუნია. ქართველების აგრესიამ გააკვირვა ქუჩაში, თორემ ნათესავებისგან და ოჯახის წევრებისგან სიყვარული არ მოჰკლებია.

- რა განსხვავებები, თავისებურებები და მსგავსებებია ქართულ და ჩინურ სოციუმს და კულტურას შორის?

- უჰ, განახვავება იმდენია... მსგავსება იქნება ალბათ ძალიან ცოტა. აი, მაგალითად ერთხელ შევესწარი ადამიანის დაღუპვის ფაქტს და კონცერტი გამართეს ქუჩაში. მოიწვიეს მომღერლები და თითქოს ზეიმობდნენ.  შოკი მქონდა. მეუღლემ მითხრა, რომ ეს ამათი წესია, რადგან ტირილს და გლოვას მეტი უბედურება მოაქვს. მონატრებულზე ჩვენს ქვეყანაში ნათესავები ერთმანეთს ეხუტებიან, გადაეხვევიან, ლოყაზე კოცნიან.  აქ უბრალოდ ხელის ჩამორთმევით და გაღიმებით შემოიფარგლებიან. აქვთ საუზმე, სადილი, ვახშამი და მკაცრად იცავენ კვების განრიგს. ჩვენი დილა 6 საათზე იწყება და საღამოს 10-11 საათზე დაძინებით სრულდება. ქვეყანა არ გაძლევს იმის საშუალებას რომ უმუშევრად და უსაქმურად იყო. ყველაფრისგან გამოძებნი საქმეს.

- ბედნიერებისთვის აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა ეროვნების და კულტურის ადამიანის გვერდით ხარ?

- არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნების ადამიანი გეყოლება გვერდით, მთავარია იყო ბედნიერი!  ჩემი მეუღლე არ არის მდიდარი ოჯახიდან, არ აქვს ბევრი ფული... ამით ის მინდა ვთქვა,რომ არ ვანიჭებ მატერიალურ მდგომარეობას დიდ ყურადღებას და არც ფულის გამო გავთხოვილვარ, როგორც ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს. ჯოის აქვს კეთილი გული და უნარი იმისა, რომ გამოიმუშაოს თანხა პატიოსნად. არის საოცრად დადებითი პიროვნება და პასუხისმგებლობით სავსე. ზუსტად ისეთი პიროვნებაა, რომელიც ნამდვილად სანატრელია. ორივე ვმუშაობთ და ერთად ვაშენებთ მომავალს, რომელიც აუცილებლად საუკეთესო იქნება ჩვენი შვილებისთვის.

წყარო: presa.geскачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 3 074-ჯერ
კომენტარები
რეკლამა