დღის ახალი ამბები

„მეორე დღის შუადღემდე არაფერი აჭამეს... ამ კლინიკაში პრაქტიკულად დედა მომიკლეს“... - რომელ კლინიკას აკრიტიკებენ?

„მეორე დღის შუადღემდე არაფერი აჭამეს... ამ კლინიკაში პრაქტიკულად დედა მომიკლეს“... - რომელ კლინიკას აკრიტიკებენ?
16-05-2021, 18:23

სოციალური ქსელის მომხმარებელი, მარეხ ბეჟანიშვილი „პირველი საუნივერსიტეტო“ კლინის შესახებ წერს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ბეჟანიშვილის დედა კოვიდპაციენტია და აღნიშნულ კლინიკაში მომხდარის შესახებ წერს.

„დაიჯესტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  

„არა, თქვენ არ მოგმართავთ.

თქვენ „გმირობაზე“ მინდა მოვყვე.

რამდენიმე საათია, ვტირი.

თვალები დასიებული მაქვს და აზრსაც თუ სადღაც ვერ მოვუყარე თავი, არ გაგიკვირდეთ. სადაც სხვებს უფრო უარესები არ ადარდებთ, მე ეს მდგომარეობა ნამდვილად მეპატიება.

ამას ვწერ, რათა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.

მე ამ კლინიკაში პრაქტიკულად მომიკლეს დედა.
ამჟამად რეანიმაციაშია, მაგრამ მისი გამოკეთების არანაირი შანსი აღარაა.
ახლა შეძლებისდაგვარად დავწერ, რომ იცოდეთ;
რომ უფრთხოდეთ;
რომ არ ენდოთ;
რომ როცა დაგიძახებენ, აივნიდან არ გადადგეთ და ტაში არ უკრათ...

26 აპრილს განსაკუთრებული, სხვანაირი სისუსტე იგრძნო დედაჩემმა. ჩემი შვილი და ჩემი ძმის უფროსი ბიჭი სანახავად წავიდნენ ყვავილებით, ხაჭაპურებით, ლობიანებით (ძალიან სტუმართმოყვარეა დედაჩემი. ბიჭებმა თქვეს, არ ექნება გამასპინძლების თავიო, არ შევაწუხოთო, და თავად მიიტანეს რაღაცები)...

რომ დატოვეს, ცოტა ხანში უკვე სასწრაფო გამოიძახა მამაჩემმა.
სიცხე - 37.2
სისუსტე - როგორც გითხარით, განსხვავებული და შემაწუხებელი.
სასწრაფომ, არ გაგვიკვირდებათ ალბათ, დიდხანს დააყოვნა.
ბოლოს დაადგა საშველი და პირველი ეჭვი კოვიდზე მიიტანეს.
გააქანეს ტესტის ასაღებად.
დადებითიაო.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის EMERGENCY-ში მიიყვანეს.

იმ დღეს კოვიდიანები გორში და რუსთავში გაუგზავნიათ. დედაჩემს „გაუმართლ“, რატიანის კლინიკაში მოხვდა.
გამიხარდა.

ამ კლინიკას პატივს ვცემდი. მეგონა, ერთ-ერთი პირველი იყო ვირუსთან ბრძოლაში.
ფილტვების დაზიანების დონე ოთხი 24-დან (ვინც არ იცის, ეს აბსოლუტურად დაბალი მაჩვენებელია).
სხვა სიმპტომი არ ჰქონდა.

შაქრიანია და, თქვენ სახლში ვერ მოუვლითო, და დატოვეს.

კლინიკაში პალატებში არ იყო ადგილი. ამიტომ ემერჯენსში მოუწია ღამის გატარებამ.

საღამოს რომ დავურეკე დედაჩემს, ვუთხარი, ექიმი დამალაპარაკე-მეთქი. მინდოდა გამეგო, რა მდგომარეობა იყო და რა იყო ჩვენგან საჭირო. არც დაგველაპარაკა ექიმი. შორიდან უყვიროდა დედაჩემს, რით ხართ უკმაყოფილო, ქალბატონო, აქ ყველაფერი გვაქვსო. მომეცითო ნომერიო, მე თავად დავურეკავო (დედაჩემს ჩემზე უთხრა. მეც მესმოდა).

ბუნებრივია, მყვირალა ქალბატონ ექიმს არ დაურეკავს.
რაღაც დროის მერე მამაჩემმა დარეკა. მამაჩემთან საუბრის დროს უკადრია ექიმს ყურმილის გამორთმევა.

ანალოგიურად, ყველაფერი გვაქვსო, უთქვამს. რამე დამამშვიდებელს ან ძილის წამალს ხომ არ ღებულობსო.
მამაჩემმა, ხანდახან ნახევარ ტაბლეტ ატარაქსს იღებს ძილისთვისო.

წაღებული ჰქონდა დედაჩემს ის წამლები, რომლებსაც იყენებდა. მაგრამ ძილის წამალი არ ჩაუდია მამაჩემს. არ იღებდა ხშირად და იმიტომ.

ხომ არ გამოგიტანებიათო, უკითხავს ქალბატონ ექიმს. რომ არ აღმოაჩნდა დედაჩემს ატარაქსი თან, ქალბატონ ექიმს ერთი-ორჯერ უკითხავს ემერჯენსის პაციენტებისთვის, ატარაქსი ვინმეს ხომ არ გაქვთო. არავის ჰქონია და ამით დასრულებულა ძილის წამლის საკითხი (არადა, ღმერთმა არავის გაგატარებინოთ ღამე ემერჯენსში. იქ ცოდვის ტრიალია, იქ "ბართლომეს ღამე", როგორც მასობრივი ძალადობრივი აქტის სიმბოლო, მსუბუქად მოგეჩვენებათ!).

ძილის სხვა წამალი კლინიკაში არ ჰქონდათ. ნუ, „რა საჭიროა“, დამაწყნარებელი ან დამაძინებელი საშუალებები კლინიკაში?!

თან, ხომ არ გგონიათ, რომ ხშირად დარეკვაც შეიძლება? მაგაზეც შენიშვნას აძლევენ. აქ მავანი იტყვის, უმკურნალონ პაციენტებს თუ თქვენ საუბრებს უსმინონო (ვაიმე, ემკურნალათ ან ინფორმაცია მაინც მოეცათ ჩვენთვის და ვინ შეაწუხებდათ?!).

დილით მამაჩემმა შეუგზავნა საკვები დედაჩემს. დედაჩემმა, რაღაცებზე უთხრა, ესენი რომ გამომიგზავნე, რად მინდაო. ჩაის აქ არ გვასმევენო და...
ვაი...

თეორიულად რომ დავფიქრდეთ, ემერჯენსის მნიშვნელობა გადასარევად გვესმის ყველას. ანუ, ეს არაა ადგილი, სადაც დიდი ხნით რჩები, სადაც იკვებები და ა.შ.

მაგრამ თუ პაციენტს იტოვებ, თან შაქრიანს და თან პაციენტის პატრონს არ ეუბნები, რომ პაციენტს კვება პალატაში აყვანამდე არ ეკუთვნის, ეს ცოტა სხვა თემაა.

კლინიკას „მესენჯერში“ მივწერე, ეს რა ხდება-მეთქი.

შენახული მაქვს ყველა მესიჯი და საჭიროებისამებრ გამოვიყენებ.
ექიმმა თქვა, რომ ყველაფერი გაქვთ და ყველაფერში რა იგულისხმება-მეთქი. ადგილები არ გაქვთ, ეგ გავიგე. მაგას არც არავინ გთხოვთ, რომ ვინმე გაუშვათ და ადგილი გაათავისუფლოთ-მეთქი.

ექიმმაო რომ გითხრათო, რომ ყველაფერი გვაქვსო, ეგ წამლებს ეხებოდა ალბათო (ოპერატორი ექიმის გამართლებას შეეცადა).

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, შაქრიან ქალს, 26-ში რომ მიიყვანეს, დაახლოებით დღის 4 საათზე, მეორე დღის შუადღემდე კლინიკამ არაფერი აჭამა. არც ძილის წამლები აღმოაჩნდათ.

ანუ, „ყველაფერი“ ჰქონდათ, გარდა პალატაში ადგილისა, გარდა ძილის წამლისა, გარდა საკვებისა და გარდა წესიერი მოპყრობისა!!!

ჩანთაში დედაჩემს გარკვეული საკვებიც ედო და ვიღაც პატარა ბიჭს (ალბათ ექთანი იყო, ან სტაჟიორი) ლოცავდა, იმ ბიჭმა ჩანთიდან ვაშლი ამომიღო და გამითალაო, თორემ წყლის მომწოდებელიც არავინ იყოო...
კლინიკის მესენჯერში ჩემი კულტურული, მაგრამ სამართლიანი გამოსვლის მერე (ანუ, 27-ში შუადღისკენ) მიუტანიათ დედაჩემისთვის წვნიანი და კატლეტი. მათხოვრები კი არ ვართ. აქ უპასუხისმგებლობის და ინდიფერენტულობის დონეზეა საუბარი.
შაქრიანი პაციენტის პატრონებს ისიც კი არ გვითხრეს, იზრუნეთ თქვენი პაციენტის კვებაზეო. პირიქით, ძალიან მკაცრად ორჯერ გვითხრა ქალბატონმა ექიმმა, ჩვენ ყველაფერი გვაქვსო.
ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ჩვენ. არ გვაქვს საავადმყოფოების პროტოკოლის ნიმუშები ან ქსეროასლები.
ჩავთვალოთ, არ მივუტანეთ პაციენტს საკვები. შაქრიანი პაციენტი მშიერი უნდა მოეკლათ? ამისთვისაა საავადმყოფო?

ეს საკითხი გადავაგოროთ.

პალატაში აყვანილ ქალს დექსამეტაზონის გაკეთებისგან, რომელიც პირდაპირპროპორციულად იწვევს შაქრის დონის მატებას, 400 დაუფიქსირდა შაქარი.

ერთი დღე „შაქრის ექიმის“, ანუ ენდოკრინოლოგის მიყვანას მოანდომეს.

ეს „შაქრის ექიმი“ აღმოჩნდა ასაკით ახალგაზრდა მამაკაცი (სხვანაირად რომ ვთქვათ - ბიჭი). იმას გამოუთვლია და ინსულინის მსგავსი ინექციის ისეთი დოზები გამოუყვანია, რომ დედაჩემიც კი, რომელიც არაა კონფლიქტური და უმეტეს შემთხვევაში ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, მორიდებით შეკამათებია.

მათემატიკურად მიუთვლ-მოუთვლია რაღაცები ენდოკრინოლოგისთვის და უთქვამს, ეს დოზა ძალიან ბევრი გამოდისო. იმას უთქვამს, თეორიულად მართალი ბრძანდებითო, მაგრამ პრაქტიკულად ისე გავაკეთოთ, როგორც გითხარითო.

ჰოდა, 400-ზე რომ შაქარი ჰქონდა, იმ ქალს რაღაც მომენტში შაქარი ნორმაზე დაბლა დაუგდეს (58-ზე).
კიდევ კარგი, გაუსინჯავთ მაინც შაქრის დონე, თორემ პატივცემული ენდოკრინოლოგის დანიშნული კიდევ ერთი ინექცია უნდა გაეკეთებინათ და რომ ნახეს, ნორმაზე დაბლა იყო შაქარი, ის ერთი ინექცია ამოაგდეს დღის წესრიგიდან და იმ ეტაპზე გადარჩა დედაჩემი მიქელ-გაბრიელთან შეხვედრას.

ექიმს კოლეგებისთვის ისიც განუცხადებია, ჩაიწერეთ დანიშნულებაო, ამ დღეებში დასვენებებია, მე ტელეფონი გამორთული მექნებაო. ეგ ცალკე საოცრება! არასდროს მიმუშავია ისეთ თანამდებობებზე, სადაც ადამიანის სიცოცხლე ჩემზე იყო დამოკიდებული. მაგრამ ტელეფონი ღამეც კი ყოველთვის ჩართული მაქვს დღემდე. ვინ იცის, რაში და როდის დავჭირდე ვინმეს-მეთქი. ახლა მავანი იტყვის ალბათ, ექიმიც ადამიანია და ხომ უნდა დასვენებაო?! 2 პროფესიაა, რომელსაც არასდროს ავირჩევდი. ეს არის ექიმობა და იუროსტობა (ადვოკატი, მოსამართლე...). ეს ორი პროფესია ისეთია, ადამიანის ბედს უშუალოდ წყვეტ. ჰოდა, თუ ექიმის პროფესიას ირჩევ, ისიც უნდა გააცნობიერო, რომ ადამიანების სიცოცხლე და ბედი შენს ხელთაა.
ჰიპოკრატე საფლავში ბრუნავს!

მე ისეთ ექიმებს ვიცნობ, ღამის 3 საათზე რომ დაურეკავ და შენი ანალიზების გამო ფეხზე რომ წამოდგებიან და კომპეტენტურ რჩევას მოგცემენ (საბედნიეროდ, ყველა ერთნაირი არაა).
შემდეგი მომენტი - ისევ არაპროფესიონალიზმი, ისევ უპასუხისმგებლობა.

ერთ დღეს სისხლის ანალიზები აუღეს. მეორე დღეს დედაჩემს მორიდებით უკითხავს, ანალიზების პასუხი ხომ არ იცითო? აქ ექიმს უთქვამს, მე რაო, ამდენი პაციენტი ხართო და ყველას ანალიზი ვატარო თანო? თქვენ იცით, მე რა მქვიაო? მე მორიგე ექიმი მქვიაო და რას მთხოვთო?

იმას თუ მეტყვით, ექიმებიც გადაღლილები არიან და მათაც უჭირთო, ვერც მანდ დაგეთანხმებით. დიპლომების მიხედვით ჩვენს ქვეყანაში რომ ექიმები გვყავს, ჩვენზე გაცილებით დიდ ქვეყნებს არ ეყოლებოდათ. რას არიგებთ მაშინ ამ დიპლომებს, თუ არ გყავთ კადრები, რომ დანევროზებული ექიმები სახლში გაუშვათ და ცოტა ხნით დაასვენოთ?

თუ კომფორტი გინდა, თუ საღამოს საათებში სიმშვიდე გჭირდება, თუ დასვენების დღეს ტელეფონი უნდა გამორთო, რანაირი ექიმი გქვია? წადი, ბიბლიოთეკარად იმუშავე. სიმშვიდეც გექნება და დასვენების დღეებიც. საერთოდ არაფერში შეგიძლია ხელფასი აიღო (წიგნის კითხვა უკვე აღარავის უნდა და...).

დედაჩემს რომ დავუსვი საკითხი, მითხარი, ვინაა შენი მკურნალი ექიმი-მეთქი, ქალმა ტირილით მითხრა: შენი ჭირიმე, არავის არ შეეხმიანო, თავი დაანებე, თორემ მერე აქ სულ ინტრიგნებს გვეძახიან და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენო (აი, კლინიკაც ასეთი "ვიცი" მე!!!).

ვაიმე, იმდენი დეტალია, რამდენი ან სადამდე უნდა ვწერო?
დადიოდა ლევან რატიანი შემოვლებზე. დადიოდა და დაჰყვებოდა კეკლუცი ქალების ამალა.
ეს ის ექიმები იყვნენ, სულ სხვა რაღაცებს რომ უყვებოდნენ პაციენტებზე.
დედაჩემს ვეჩხუბე კიდეც, ეგ კაცი მანდ უბრალოდ თქვენს სანახავად კი არ დადის, რომ გეკითხება, როგორ ხარ, უნდა მოუყვე ყველაფერი, რაც გაწუხებს-თქო.
უყვებიანო ექიმებიო.

ჰო, ექიმები კი უყვებოდნენ, როგორ მისცა საავადმყოფოში შეყვანიდან მეოთხე თუ მეხუთე ღამეს დედაჩემს 37'5.
ამ დროს მისი პალატის გოგოები შეეკამათნენ ექიმს. რას ბრძანებთო. 37'5 კი არა, ღამე 39'1 ჰქონდა სიცხეო...
კიდევ, ღმერთმა უწყის, რამდენი ასეთი შელამაზებული ინფორმაცია მიჰქონდათ ლევან რატიანისთვის.
დავუმესიჯე კიდეც ლევან რატიანს, თქვენთან რომ ყელყელაობენ თქვენი ექიმები, არაა ეგრე საქმე-მეთქი.
არაფერი დაუკლიათო, მიპასუხა.
ისიც მივწერე, თქვენ კლინიკა ისე გიყვართ, როგორც საკუთარი შვილი და შვილზე ცუდის გაგება ვის ესიამოვნება-მეთქი.

ვაიმე, რამდენი გავაგრძელო?

37.2 სიცხით (და მერე 3-4 დღე აღარ ჰქონია საერთოდ სიცხე) და 4 ქულით შეყვანილი ქალი, რომელზეც უკვე ვმსჯელობდით, როდის გამოგვეყვანა სახლში, რამდენიმე დღეში დამისიცხიანეს და იქამდე მიიყვანეს, სანამ 6-ში ღამე ინტენსიურში არ გადააბარგეს.
თქვენ ჯოჯოხეთი არ იცით, რა არის.

ეს არის მომენტი, რომელიც უსასრულოდ გრძელდება. ეს არის დრო, როცა ცდილობ, საიდანმე მაინც გაიგო, პალატიდან გადაიყვანეს ინტენსიურში დედა, თუ - არა. ან თუ გადაიყვანეს, როგორაა. ან ვინ არის ახლა მისი მკურნალი ექიმი.

7 რიცხვის ჩემი სატელეფონო ზარების ამონაწერი რომ ნახოთ, თქვენი ზარების მთელი თვის რაოდენობას გადაუსწრებს.

მისმა თავდაპირველმა მკურნალმა ექიმმა ისიც ვერ მითხრა თავიდან, ვის გადააბარა პაციენტი.
სიტყვების ისეთი წელვით მელაპარაკებოდა, ვერ მივხვდი, პაციენტზე ვსაუბრობდით თუ ყავაზე საჭორაოდ ვიყავით შეკრებილები.

ინტენსიურში რა ხდებოდა?

მობილური გამოურთეს, ჟანგბადს მიამაგრეს და ერთმა ღმერთმა უწყის, იქ რა ხდებოდა.
შევთავაზე მის ახალ მკურნალ ექიმსაც და ლევან რატიანსაც, რომ თავად აერჩიათ ექთანი, ჩვენ გადავუხდიდით, არ ჩაერეოდა მკურნალობაში და უბრალოდ დამხმარედ რომ ჰყოლოდა დედას.
არააო საჭიროო. აქ ყველას ინდივიდუალურად ემსახურებიან და ინდივიდუალურად აქცევენ ყურადღებასო.
არა, ყველაფერს ვერ მოვყვები, რასაც ვეცადეთ, ვინც ჩავრიეთ...

„გინდა ზემოთ ადიო და გინდა ქვემოთ ჩადიო“, ეგრე გამოვიდა საბოლოო ჯამში.
დღეს უკვე გვამცნეს, რომ დედაჩემი ინტენსიურიდან რეანიმაციაში გადაიყვანეს და აპარატზე შეაერთეს.
ნუ დამამშვიდებთ!

სასიკეთო აღარაფერი მოხდება.

მისმა პირადმა ექიმმა მითხრა, ნახევარი მსოფლიო შეიწირა ამ ვირუსმა, არ იცითო (სამედიცინო სფეროს გარდა, მათემატიკასთანაც მწყრალად ყოფილა)? ანუ, დედაჩემი უბრალო სტატისტიკაა. ექიმების ნაწილისთვის უკვე ერთით მეტი, ერთით ნაკლები, დიდ ამინდს არ ქმნის.
ეს არასრული სურათი.

რამდენიმე ნაცნობმა ექიმმა ისიც მითხრა, ნეტავ საავადმყოფოში არ დაგეტოვებინაო.
არ მჯეროდა, რომ საავადმყოფოში ასეთი არაკომპეტენტურობა, არაპროფესიონალიზმი, ცინიზმი, შეურაცხყოფა, დაუდევრობა და ბევრი სხვა მანკიერება იყო.
ეს პოსტი აქ დევს. ექიმებიდან ვისაც სურვილი გაქვთ, მიჩივლოთ, ყველა ჩემს სიტყვაზე პასუხისმგებელი ვარ (პლუს, მოწმეებიც მყავს და ჩანაწერებიც მაქვს).

ახლობლებს გთხოვთ, ნურავინ დამირეკავთ, ნურავინ მომწერთ.
ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს.
ძალიან მინდა, გარკვეულ ექთნებსა და ექიმებს პირადად შევხვდე, თვალებში ჩავხედო, დაჟინებით ჩავაცქერდე და ვკითხო:
„დოქსოპულო, დედა გყავს?“,- წერს მარეხ ბეჟანიშვილი.скачать dle 12.1




გაზიარება
მოინახულეს 1 204-ჯერ
კომენტარები
რეკლამა