დღის ახალი ამბები

“გიგა აბრალავამ მკვლელობამდე შვილს დაურეკა, მალე დედაშენს მოვკლავო” – რას ყვება სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული სალომე ბოხუას ბებია

“გიგა აბრალავამ მკვლელობამდე შვილს დაურეკა, მალე დედაშენს მოვკლავო” – რას ყვება სამტრედიაში ქმრის მიერ მოკლული სალომე ბოხუას ბებია
6-05-2020, 12:53
---

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ცოტა ხნის წინ შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 28 წლის გიგა აბრალავამ თავისი შვილების დედას, 26 წლის სალომე ბოხუას, ყელი გამოჭრა.
მკვლელობა სამტრედიაში, სამოქალაქო რეესტრის შენობაში, რამდენიმე ათეული ადამიანის თვალწინ მოხდა. იმ დღეს იუსტიციის სახლში ქალიშვილი მამამ მიიყვანა. შეთანხმების მიხედვით, განქორწინების აქტზე მეუღლეებს ხელი დისტანციურად, სხვადასხვა ქალაქში უნდა მოეწერათ, მამაკაცს – ბათუმში, ქალს – სამტრედიაში.
გიგა აბრალავამ შეთანხმება დაარღვია, სამტრედიაში ჩავიდა და ცოლი მისივე ნაჩუქარი დანით მოკლა, ორი მცირეწლოვანი შვილი კი დააობლა.
გიგა აბრალავა და სალომე ბოხუა ბოლო რამდენიმე კვირა ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოკლული ქალის ბებია, დოდო ბაშალეიშვილი, იხსენებს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის შვილიშვილს ქმარი შერიგებას სთხოვდა და ემუქრებოდა, რომ თუ არ დაუბრუნდებოდა, ფიზიკურად გაუსწორდებოდა. მეუღლეების კონფლიქტს ბებია ხშირად შესწრებია. მისი თქმით, სიძის საქციელი მისთვის ხშირ შემთხვევაში მიუღებელი იყო, მაგრამ ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ჩარევისგან ოჯახი ბოლო მომენტამდე თავს იკავებდა.
– ქალბატონო დოდო, პირველ რიგში, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას! ხშირად ჰქონდათ კონფლიქტი ცოლ-ქმარს?
– მე ვფიქრობდი, რომ არ ჰქონდათ. სალომე ქმარს ერთი თვის წინ გაშორდა არაოფიციალურად, ოფიციალური განქორწინება კი მკვლელობის დღეს უნდა მომხდარიყო. რაც ქმარს გაშორდა, მას შემდეგ გავიგე, რომ თურმე ხშირად კამათობდნენ. ჩვენთან არ ამბობდა, რომ ქმართან პრობლემები ჰქონდა. ბოლოს უკვე მეუბნებოდა, ბებია, თქვენ რა იცით, რა დღეში ვიყავიო.
ერთი თვის წინ წამოვიდა სახლიდან. დარეკა, მამიკო, მიშველე, აქედან წამიყვანეო. მამამისი სასწრაფოდ წავიდა სამტრედიიდან, 2 საათში ჩავიდა ბათუმში და ჩამოვიყვანეთ. ამის მერეც არ ისვენებდა. ურეკავდა, შერიგებას სთხოვდა. უარი რომ მიიღო, მოკვლითაც ემუქრებოდა.
– ამბობენ, რომ სიძე წლების განმავლობაში თქვენს სახლში ცხოვრობდა. ეს სიმართლეა?
– კი, ასეა. 10 წელი იყო ჩვენი სიძე და სულ ჩვენთან ცხოვრობდა. ბათუმში რამდენიმე თვის წინ გადავიდნენ. არ მომწონდა, რადგან სულ სვამდა. ჩვენს სახლში მოჰყავდა საძმაკაცო, სვამდა, ღრეობდა, მაგრამ არავინ არაფერს ვეუბნებოდით. შვილიშვილი ბოლოს გამომიტყდა, ბებო, თქვენ რა იცით, ოთახში რომ შევიდოდით, მე რა დღეში მაგდებდაო. ეს რომ მცოდნოდა, არაფრით მოვითმენდი! ანგელოზი შვილიშვილი როგორ მომიკლა ამ გარეწარმა!
– მანამდე რაიმე სერიოზული დაპირისპირება ჰქონიათ?
– მე არ ვიცოდი, მაგრამ ჰქონიათ. მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე რიონის ნაპირას ჩაუყვანია და უთქვამს, აქ ღორივით დაგკლავო. რას ერჩოდა, რატომ აშანტაჟებდა, სიკვდილით რატომ ემუქრებოდა, არაფერი ვიცით. სავარაუდოდ, სრულ ჭკუაზე არ იყო. ორი შვილის დედასთან, რომელთანაც 10 წელი ცხოვრობ, ამ ლექსიკით რატომ უნდა ლაპარაკობდე, ვერ ვხვდები.
მას შემდეგ, რაც არაოფიციალურად გაშორდნენ, ჩემს შვილიშვილს სისტემატურად ურეკავდა. სალომე ეუბნებოდა, თავი დამანებე, არ მაინტერესებს, არ შეგირიგდებიო. მოსვენებას უკარგავდა, ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა და სწერდა. ბოლოს ბავშვთან დაურეკავს და უთქვამს, მალე დედაშენს მოვკლავო. ბავშვი აცახცახებული იყო, დედიკო, შენს მოკვლას გეგმავსო.
– ამ მუქარის შემდეგ რეაგირება რატომ არ მოახდინეთ, რატომ არ მიმართეთ სამართალდამცავებს?
– რადგან შეთანხმებულები იყვნენ, დისტანციურად, სოციალური ქსელის საშუალებით განქორწინდებოდნენ, ვფიქრობდი, რომ მორჩა, მათი გზები გაიყარა, ის აჭარასა და გურიაში ცხოვრობს, ჩვენ კი იმერეთში ვართ და თავს დაგვანებებს-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, შვილიშვილს სასტიკად თუ მომიკლავდა.
ამას ასე არ დავტოვებთ, ამ გარეწარმა პასუხი უნდა აგოს! ჩემი დახატული გოგო, ჩემი ანგელოზი შვილიშვილი მიწაში ჩასაწვენად როგორ გავიმეტო?!
– სადმე მუშაობდა გიგა აბრალავა?
– მე დავუთმე ჩემი სამსახური. ვიფიქრე, დაჭკვიანდება, ცოტა ფორმაში ჩადგება-მეთქი, მაგრამ როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება, ისე არ გამოსწორდებოდა ეგ ბიჭი. მაიმუნად იყო დაბადებული და მოძალადედ გაიზარდა!

სალომე ბოხუას მამას, თემურ ბოხუას, რამდენიმე წუთი დააგვიანდა. შვილი იუსტიციის სახლში მიიყვანა და სანამ მანქანას პარკინგზე დააყენებდა და შენობაში შევიდოდა, გიგა აბრალავა სალომე ბოხუას თავს დაესხა. როგორც ირკვევა, ჩასაფრებული იყო და ელოდებოდა, იქ როდის მივიდოდა. შენობაში შესულ მამას კი შემზარავი სცენა დახვდა – მისი ქალიშვილი უკვე გარდაცვლილი იყო.
– წავიყვანე მანქანით. ვიდრე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დაესხა, დანა დაარტყა. მე რომ შევედი, ჩემი შვილი უკვე ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე…
კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. 10 წლის ცოლ-ქმარი იყვნენ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ცხოვრობდნენ, მერე ბათუმში იყვნენ, – ყვებოდა თემურ ბოხუა.
ბრალდებულის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, რომ მამაკაცს ქალთან შერიგება სურდა, მაგრამ მისი მხრიდან მუქარას კატეგორიულად გამორიცხავენ.
ოჯახის წევრები გიგა აბრალავას ქმედებას არ ამართლებენ, მაგრამ ამბობენ, რომ სიტუაციის პროვოცირებას მისი ცოლი, სალომე ბოხუა, ახდენდა.
– ცოლი სიგიჟემდე უყვარდა. ყველა ეუბნებოდა, გაგიბ…და ცოლიო. თურმე ყველა კაცს სწერდა. გიგა გაგიჟებული იყო. რა ვქნა, ჩემი შვილების დედა ასე როგორ იქცევაო. ოჯახმა მოსვენება დაკარგა. გიგას საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ ალბათ კაცი ჭკუიდან გადავიდა, მოსვენება დაკარგა და ასეთი საქციელი ჩაიდინა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მკვლელობას გამართლება არ აქვს, მაგრამ არც ბოზ…ას აქვს გამართლება, – გვითხრა გიგა აბრალავას ნათესავმა.
სამართალდამცველებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
გარდა ამისა, ბრალდებულს გამოძიება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობას ედავება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლის განცხადებით, სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იყო პატიმრობის შეფარდებისთვის. მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების მსუბუქი ფორმის შეფარდების შემთხვევაში დანაშაულის განმეორების რისკები არსებობდა.
ადვოკატ პავლე კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს ბრალს და მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს.
– შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ პირს. უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. მომხდარის გამო ძალიან წუხს. რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას, მაგრამ მართლმსაჯულებისთვის გარკვეულწილად გასათვალისწინებელი იქნება. აღიარებს და გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, – ამბობს ადვოკატი პავლე კაკაბაძე.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობა დაუშვებელია.
“ქალთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი სახის ძალადობა მიუღებელია. შემაძრწუნებელია მკვლელობის ყველა შემთხვევა, მაგრამ, როდესაც ქალს კლავენ იმიტომ, რომ ქალია, ეს საზოგადოების პრობლემაა… ძალადობის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო, საზოგადოებრივი და მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების ერთობლივი მუშაობა და ძალისხმევა.
საგანგაშო სტატისტიკიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართება და განხილული იქნება აღნიშნული საკითხი და შესაძლო ინიციატივები”, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.
“აუცილებელია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, სინოდმა სასწრაფოდ უნდა დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის:.
“ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: გარდა სახელმწიფოს უმკაცრესი და თანმიმდევრული რეაგირებისა, აუცილებელია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უმაღლეს, სინოდალურ დონეზე გააკეთოს უმკაცრესი და ცალსახა განცხადება მოძალადე კაცების წინააღმდეგ; დაგმოს ყოველგვარი ძალადობა ქალების მიმართ და სასწრაფოდ დაადგინოს უმკაცრესი საეკლესიო სასჯელი ქალზე მოძალადე კაცებისთვის.
ამასთან ერთად, ყველა ეპარქიაში ეკლესიის ამბიონებიდან უნდა დაიწყოს ინტენსიური სწავლება და ქადაგება კაცების ვალდებულების შესახებ ქალის და ცოლის წინაშე, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ცოლს აღარ უნდა მასთან ცხოვრება. დღეს ბევრი ეგოისტი და მოძალადე კაცი სრულიად უსწავლელია ქალთან ურთიერთობის საკითხებში. ეკლესიიდან უნდა წამოვიდეს ცალსახა და ნათელი იმპულსი, ყოველგვარი “მაგრამ”-ის გარეშე. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია”, – დაწერა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ “ფეისბუქში”.

სტატიის წყაროскачать dle 12.1



loading...

გაზიარება
მოინახულეს 1 813-ჯერ
კომენტარები
რეკლამა
ForkPlayer ForkPlayer